ახალი ამბები

თელავის ტექნოპარკი ოქტომბერში გაიხსნება

თელავის ტექნოპარკი ოქტომბერში გაიხსნება. ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე განმარტავს, რომ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ სერვისები და განავითარონ თავიანთი იდეები.

“ტექნოპარკი აუცილებლად ოქტომბერში გაიხსნება. დღეს მოვინახულე მშენებლობა, სადაც ძალიან აქტიურად მუშაობენ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე თელაველ და მთელი კახეთის ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ სერვისები და განავითარონ თავიანთი იდეები“ – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ინოვაციური ჰაბის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში ერეკლე მეფის ძეგლსა და თელავის ისტორიულ ჭადარს შორის.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართვა და მსგავსი ტიპის სიახლეების დანერგვა მნიშვნელოვანია და გამოცდილებების შესწავლა და გაზიარება ვითარების გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს მოიტანს.
,,ისტორიულ შენობას, სადაც ტექნოპარკი გაიხსნება, ეზოც აქვს, რაც საშუალებას იძლევა უფრო მეტი შესაძლებლობით იყოს დატვირთული ტექნოპარკი. თელავის გარდა ტექნოლაბების გახსნა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ ხორციელდება.