ახალი ამბები

თელავში სასაზღვრო ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი – ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიულად დაეშვა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა. ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.