ახალი ამბები

გურჯაანში ტურიზმის განვითარებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება იწყება

აღნიშნული ინიციატივა მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილებას ეკუთვნის, რომელიც მიმდინარე წლის მარტის ბოლოს შეიქმნა. 
როგორც knews.ge-ს განყოფილების უფროსმა განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული ობიექტების, მცირე მარნების, სასტუმროების და სხვა აგროტურისტული ცენტრების შესწავლა.
ნინო ნინოშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ქართველი სპეციალისტების გარდა, იმუშავებს გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა და შემდეგ ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენაში მიიღებს მონაწილეობას. 
,,მარტის ბოლოს შეიქმნა გურჯაანის მერიაში საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება გურჯაანში ტურიზმის განვითარებაა. მუშაობის პირველივე დღიდან დავიწყეთ ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, მარნების და არსებული პრობლემების შესწავლა. დაგეგმილია ტურისტული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ამ პროცესში კი ქართველებთან ერთად იმუშავებს გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი, რომელსაც ტურიზმის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ჩვენთან ერთად დაათვალიერებს სხვადასხვა ადგილებს, გაეცნობა ისტორიულ ძეგლებს, გურჯაანის პოტენციალს და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას გეგმის დამუშავებაში. გეგმაში ძირითადი ფოკუსი იქნება გაკეთებული ქალაქ გურჯაანზე, რადგან აქ არის მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი სამკურნალო კურორტი ახტალა, რომელიც სრული დატვირთვით უნდა ამუშავდეს. ცოტა ხნის წინ სტუმრად გვყავდა გერმანელი მუსიკოსები, რომლებმაც ნახეს ახტალა და გამოთქვეს დახმარების სურვილი. მათ თქვეს, რომ შეუძლიათ, დაგვაკავშირონ გერმანულ ტურისტულ კომპანიებთან და ტურისტების ჯგუფები იქიდან გამოგზავნონ. გვინდა, რომ გურჯაანი განვითარდეს, როგორც ღვინის ქალაქი. ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი. გარდა ამისა, აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ და გვინდა, სოფელი ველისციხეც გახდეს ტურისტული ცენტრი, რადგან აქ არის ბევრი მარანი, რომლითაც ტურისტების დაინტერესება დიდია’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.
ნინოშვილი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ მუნიციპალიტეტის მერიას გაუზიაროს იდეები და მოსაზრებები, თუ რა ღონისძიებებს განახორციელებდა გურჯაანის ტურისტული განვითარებისთვის. 
მისივე ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 598676696 ან დაუკავშირდნენ ელ-ფოსტაზე: gurjaaniselfgovernment@gmail.com.