ახალი ამბები

დავით გარეჯი საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა დვალიშვილის ინფორმაციით, ამ ნუსხაში მოხვედრა ნიშნავს მისი, ევროპულ და მსოფლიო დონეზე აღიარებას, როგორც ისტორიული, კულტურული და სახელოვნებო კუთხით. ტერიტორიის დაცვა და ზედამხედველობა ევროპულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ უნდა განახორციელოს. 
„ამ მიზნით დაგეგმილია რამდენიმე ეტაპის სამუშაოების განხორციელება. პირველ ეტაპზე საქართველოში მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტთა მისია ჩამოვა. ისინი შეისწავლიან ადგილზე მდგომარეობას და მისი განვითარების გეგმას შეიმუშავებენ. შემდეგ, ამაზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება დამატებითი სახსრების მოძიება“, – განაცხადა მაკა დვალიშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, აპრილში „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტები შეისწავლიან და შეაფასებენ ძეგლის მდგომარებას, განსაზღვრავენ სამოქმედო გეგმასა და რეკომენდაციებს. 
,,ევროპა ნოსტრა” მოიძიებს თანხებს, როგორც ადგილობრივი ფონდებისა და კერძო პირების მეშვეობით, ასევე საერთაშორისო დონეზე”, – აღნიშნა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა.