ახალი ამბები

კახეთში წარმოებულმა ღვინომ იტალიაში ოქროს მედალი მოიპოვა

კონკურსი მეღვინეობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იტალიის ქალაქ ბერგამოში ჩატარდა.
„მევენახეობისა და მეღვინეობის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OIV) სპონსორობითა და პატრონაჟით რიგით მე-12 საერთაშორისო კონკურსი, ენოლოგთა შეჯიბრი – „ემოციები მსოფლიოდან: მერლო, კაბერნე და მათი კუპაჟები“ გაიმართა. კონკურსზე გიუაანმა კასრის საფერავი წარადგინა, რომელიც საფერავისა და 30% კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნებისგან მზადდება. ღვინომ დიდი მოწონება და ოქროს მედალი დაიმსახურა.
ბერგამოს კონკურსზე წარდგენილი ღვინოების დეგუსტაციას 7 დამოუკიდებელი კომისია ახდენდა, რომელიც 42 – უცხოელი და 41 იტალიელი წევრისგან შედგებოდა. აღნიშნული კონკურსი ძალიან საპასუხისმგებლო იქიდან გამომდინარეც იყო, რომ ქართულ კომპანიას ფრანგულ, იტალიურ და სხვა ევროპული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად აფასებდნენ, რომელთათვის ევროპული ჯიშის კაბერნე სოვინიონის გემო მშობლიურია. კონკურსზე 21 ქვეყნიდან წარმოდგენილი 236 ღვინის სახეობა მონაწილეობდა. ბერლინის საერთაშორისო კონკურსზე ორი ოქროს მოპოვების შემდეგ, გიუაანმა სეულში გამართულ კონკურსზე 5 ახალი მედალი მიიღო. ბერგამოს ოქროს მედლის ჩათვლით, კომპანიას უკვე წლის განმავლობაში 15 მედალი აქვს”, –
განაცხადა კომპანია გიუაანის წარმომადგენელმა. კომპანიის ინფორმაციით, ბერგამოს კონკურსზე გამარჯვებით გიუაანმა 2017 წლის 9-13 აპრილს ვერონაში (იტალია) დაგეგმილ დეგუსტაციაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც საწარმო იტალიელ მომხმარებელს გააცნობს მათ მიერ წარმოებულ ღვინოს.