გურჯაანში მუხის კასრებისგან ავეჯს ამზადებენ

საწარმო, რომელიც მუხის კასრებს აწარმოებს, 2014 წელს გაიხსნა. იგი კავკასიაში ერთადერთია, რომელიც მუხის კასრებს ევროპული და ამერიკული მუხის მასალისგან ამზადებს.
სს “პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტების” საწარმოს დირექტორს, ვასილ კალანდაძეს მუხის კასრების წარმოებასთან ერთად დამზადებული კასრებისგან ავეჯის შექმნის იდეა უცხოეთში ყოფნისას მოუვიდა. 
,,ევროპაში ვნახე მუხის კასრებისგან გაკეთებული ავეჯი და გადავწყვიტე ეს ინოვაციური იდეა ჩვენთანაც დამენერგა. ძალიან მომეწონა, რადგან ქართულ სტილში ჯდება და ლამაზი გამოდის. ვამზადებთ სავარძლებს, მაგიდებს, სანათებს, საათებს და სხვა სახის ავეჯს’’, – განუცხადა Knews.ge-ს ვასილ კალანდაძემ.
კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ამ სახის პროდუქციაზე ქართულ და უცხოურ ბაზარზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
“სანამ წარმოებას დავიწყებდით, ჯერ ბაზარი შევისწავლეთ, რამდენად იყო მზად ამ ინოვაციური სიახლისთვის. ევროპაში მსგავსი მეთოდით დამზადებული ავეჯი 500 ევრო ღირს, ეს კი ჩვენთან იაფია და 500 ლარამდე ჯდება მისი შეძენა. ასეთი სახით დამზადებულ ავეჯზე მოთხოვნა ძალიან დიდია. მის დამზადებას სჭირდება იგივე სამუშაო, რაც კასრის დამზადებას. ჯერ იწყობა კასრი და შემდეგ ხდება მისი ავეჯად გადაკეთება’’– განაცხადა ვასილ კალანდაძემ.
მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო სს “პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები” 2014 წელს გაიხსნა. ვასილ კალანდაძის ინფორმაციით, საწარმოში 630 000 აშშ დოლარის სრული ინვესტიცია განხორციელდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კი 550 000 აშშ დოლარის კრედიტი მიიღეს. საწარმო სხვადასხვა ფერის და სახეობის სასმელების დასავარგებლად სეზონზე 500 მუხის კასრს ამზადებს. გურჯაანში დამზადებული კასრები ადგილობრივი ბაზრის გარდა, გერმანიაშიც იყიდება.
,,გურჯაანში არსებობდა მიტოვებული მექანიკური ქარხანა, სადაც საბჭოთა დროს მუხის კასრებს ამზადებდნენ. ძალიან მინდოდა ძველი საწარმოს აღდგენა. 2013 წელს, სატელივიზო რეკლამიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო, თანამოაზრეები შემოვიკრიბე, დავწერეთ პროექტი და დაფინანსებაც მივიღეთ. მიღებული გრანტით სპეციალური დაზგა–დანადგარები ვიყიდეთ. 2014 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ კასრების წარმოება, რომელიც ევროპული და ამერიკული მუხის მასალისაგან იწარმოება. კასრები ღვინის, სპირტის და საკონიაკე მასალის დასავარგებლად გამოიყენება. სანამ წარმოებას დავიწყებდით, წავედი ესპანეთში ამ საქმის მცოდნე ადამიანის ჩამოსაყვანად, რათა ადგილობრივებისთვის ეს ხელობა ესწავლებინა. ჩამოვიყვანე გამოცდილი მუხის კასრების მწარმოებელი, რომელმაც ჩვენთან დასაქმებულ 18-20 წლის ახალგაზრდებს კასრების დამზადება ასწავლა. ვფიქრობ, დარგის განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა. ამ დროისთვის საქართველოს ბაზარი სრულად გვაქვს ათვისებული. მცირე ნაწილი გაგვაქვს გერმანიაში, ეს ძირითადად პატარა ზომის კასრებია’’,– განუცხადა Knews.ge-ს ვასილ კალანდაძემ.
კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი საქმიანობის აღდგენა და წარმოების დაწყება მნიშვნელოვანია და ის ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ვასილ კალანდაძის განცხადებით, მათ მიერ დამზადებული კასრები სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს.
,,დღეს ბევრი ისეთი კომპანიაა, რომელიც ექსპორტზე გადის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა უცხოურ ბაზარს არა მარტო ქვევრი და მასში დაყენებული ღვინო, არამედ სხვა პროდუქციაც შესთავაზოს. როცა ქვეყანაში არის კასრების წარმოება, თვითონ მეღვინესთვისაც არის მნიშვნელოვანი. მას აღარ უწევს ლოდინი, როდის გამოუგზავნის უცხო ქვეყნიდან ვინმე კასრს. იგი მოვა ჩვენთან, შეგვიკვეთავს, მეორე დღეს კი წაიღებს. ჩვენი კასრები ევროპულ ფასებთან შედარებით იაფია, სწორედ ამიტომ მოთხოვნაც ნელ–ნელა იზრდება. მეღვინეები თვითონვე მოდიან და გვიკვეთავნ, როგორი კასრი ჭირდებათ. თეთრი ღვინოსთვის ნაკლებად გამომწვარი კასრია საჭირო, შავი ღვინოსთვის მეტად გამომწვარი, კონიაკისთვის და ვისკის წარმოებისთვის სხვანაირად მზადდება. კასრის დამზადების პროცესის ყურება თავადაც შეუძლია ყველა მსურვველს.’’
საწარმოში ამ ეტაპზე 15–მდე ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია სამომავლოდ მუხის რაოდენობის კასრების გაზრდასა და წარმოებული პროდუქციის აზიის ქვეყნების და ჩინეთის ბაზარზე გატანას გეგმავს.