სტატიები

საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოება სავარაუდოდ აიკრძალება

გიგლა აგულაშვილის უწყების ნარჩენებისა და ქიმიური ნივთირებების მართვის დეპარტამენტის უფროსი პროდუქტის ბაზარზე ერთბაშად აკრძალვის სირთულეზე საუბრობს და ირწმუნება, რომ მთავრობა ყველა მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. ალვერდ ჩანქსელიანის ინფორმაციით, უკვე მომზადებულია პროექტი, რომელიც 15 მიკრონამდე სისქის პოლიეთილენის პარკების აკრძლვას ითვალისწინებს.

„კანონმდებლობა ამ ეტაპზე ითვალისწინებს განსაკუთრებით მსუბუქი, 10-15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენების შეზღუდვას. პირველი ეტაპისთვის, საკანონმდებლო პროექტში ჩადებულია, რომ 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალოს 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების. ასევე ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსიები, რომ დაწესდეს მსხვილი ანუ 15 მიკრონზე მეტი სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე ფასი, რაც შესაბამისად მის გამოყენებას ამცირებს, რადგან მსუბუქი პარკები, რომლებსაც ფასი არ აქვთ, ძალიან დიდი ოდენობით გამოიყენება. როდესაც იქნება ფასი დაწესებული, ასეთ შემთხვევაში ხდება მისი გამოყენების შეზღუდვა“, – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი. 

ექსპერტები ხელისუფლების ინიციატივას დადებითად აფასებენ და გარემოზე პოლიეთილენის ნეგატიური ზეგავლენის შესახებ საუბრობენ. ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში კახაბერ სუხიტაშვილი მიუთითებს, რომ პოლიეთილენის ფირი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც აბინძურებს ნიადაგს და მკვეთრად ამცირებს მოსავლიანობას. 

პოლიენთილენის პარეკები უნდა აიკრძალოს. მას დაახლოებით 100 წელი სჭირდება რომ დაიშალოს. პოლიეთილენის პარკი თითოული მოსახლის ჯანმრთელობაზე სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. სრულიად შესაძლებელია, სხვადასხვა დაავადებაც კი გავრცელდეს, რადგან დამწვარი პოლიეთილენი მტვრის სახით ადვილად ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ამავე დროს ძალიან ცუდად მოქმედებს სოფლის მეურნეობაში და მოსავალზე ცუდად აისახება“, – ამბობს knews.ge-თან საუბრისას კახაბერ სუხიტაშვილი.

კახეთის რეგიონის სოფლებში არსებულ სასათბურე მეურნეობებში თუ ბოსტნებში პოლიეთილენის ფირის გროვა ადვილი შესამჩნევია. ლაგოდეხელ ვალერი სულაბერიძეს კიტრის ოთხი სათბური აქვს. ის პოლიეთილენის პარკს აქტიურად იყენებს. ფერმერი მოსალოდნელ ცვლილებას აპროტესტებს და ამბობს, რომ პოლიეთილენის პარკები არ უნდა აიკრძალოს, რადგან აღნიშნული პროდუქცია მინიმალურ დანახარჯს მოითხოვს. 

„ყველამ ვიცით, რომ პოლიეთილენი ცუდია მოსავლისთვის და ნიადაგისთვისაც, მაგრამ ამ უარყოფით ზეგავლენას დავინახავთ წლების შემდეგ. ზალიან ცუდი იქნება თუ პოლიეთილენის პარკი აიკრძალება, რადგან მაგაზე იაფი ნიადაგის დამცავი საშუალება არ არსებობს. თუ აიკრძალება, მაშინ სხვა დამცავი საშუალება, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებას, უნდა ღირდეს ძალიან იაფი, რათა ფერმერები არ დავზარალდეთ“, – განუცახადა knews.ge-ს ვალერი სულაბერიძემ.

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში ხათუნა ახალაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ფერმერებს სოფლის მეურნეობაში პოლიეთილენის პარკის ალტერნატიული პროდუქცია უნდა შესთავაზოს. ახალია ბიოდეგრადირებადი პარკით პოლიეთილენის ჩანაცვლებაზე მიუთითებს. 

„ბიოდეგრადირებადი პარკი გარემოში თავისთავად ნადგურდება და გარემოს არ აბინძურებს. პოლიეთილენის ალტერნატივა შეიძლება იყოს რეციკლირებადი პროდუქციაც, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება. აქ მნიშვნელოვანია დადგინდეს არსებობს თუ არა კომპანია, რომელიც რეციკლირებად პროდუქციას გადაამუშავებს?“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ხათუნა ახალაია. 

კერძო სექტორის ნაწილი მოსალოდნელ ცვლილებას უარყოფითად აფასებს. პლასტმასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „თეგეს” აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ხაჩიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი კომპანია მხოლოდ რძის და არაჟნის ჭიქებს აწარმოებს, ასეთი რეგულაციის შემოღება მომხმარებელს და ბიზნესსექტორსაც ერთნაირად დააზარალებს. 

„ქაღალდის პაკეტები კი გაჩნდა ბაზარზე, თუმცა, აქ განსხავევება ისააა, რომ მწარმოებელს ის ბევრად ძვირი უჯდება, ვიდრე პოლიეთილენის პარკი. ამ რეგულაციის შემდეგ პირველ რიგში მომხმარებელს გაუძვირდება პროდუქცია, ასევე დაზარალდებიან ის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ პოლიეთილენის პარკს ან მის იმპორტს ახორციელებენ“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ ხაჩიძე. 

პოლიეთილენის პარკის მწარმოებელი კომპანია „აა პლასტის“ მენეჯერი მარიამ არსენაშვილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღება 10 მიკრონზე მეტი სისქის პროდუქციის წარმოებას გაზრდის. 

„10 და 15 მიკრონი სისქის პოლიეთილენის პარკი ძალიან იაფია და მინიმალური ფასი აქვს. თუ მისი წარმოება აიკრძალება, 10 მიკრონზე სქელი პარკების წარმოება გაიზრდება“, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ არსენაშვილმა. 

გიგლა აგულაშვილის უწყებაში ვერ აკონკრეტებენ მომავალში აიკრძალება თუ არა სრულად პოლიეთილენის პარკები. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროდუქციის ერთბაშად აკრძალვა დამოკიდებულია პირველადი რეგულაციის შედეგებზე.

მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, პოლიეთილენის პარკების გამოყენება ჯარიმით დაისჯება, თუმცა რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.