ახალი ამბები

CRRC- საქართველომ თელავში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ანგარიში წარადგინა

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ანგარიში ,,ამომრჩეველთა ხმების დათვლა -2016 წლის არჩევნები” წარადგიეს.
შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვლევის ფარგლებში გამოკვეთილ მიგნებებსა და კვლევის მეთოდებზე ისაუბრეს.
CRRC- საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მარიამ სიხარულიძეს განცხადებით, 2016 წლის პროპორციული არჩევნების შედეგების გასაანალიზებლად, ორგანიზაციამ მიჩიგანის უნივერსიტეტის წარმომადგენელის მიერ მიწოდებული სპეციალური პროგრამული კოდების მეშვეობით და საარჩევნო ექსპერტიზის სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების რაოდენობრივი ანალიზი ჩაატარა. 
მისივე თქმით, ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში გამოიკვეთა რამდენიმე შეუსაბამობა, რაც ამომრჩეველთა ხმების არაზუსტი დათვლით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. 
,,კვლევის ფარგლებში ჩავატარეთ 6 სახის სტატისტიკური ტესტი, ლოგიკური შეუსაბამომემის გამოსავლენად კი 4 ტესტი. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან, მშვიდ გარემოში. საარჩევნო ოქმების ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ცესკო 2012 წელთან შედარებით უკეთესად ახდენს ამომრჩეველთა ხმების დათვლასა და მათ ოქმებში ასახვას. კვლევა არის პირველი ეტაპი და ტესტები, რომლითაც კვლევა წარმოებს, მიუთითებენ შესაძლო, პოტენციურ პრობლემებზე და ხაზს უსვამენ იმ მიმართულებას, სად შეიძლება უფრო სიღრმისეული ანალიზი გახდეს საჭირო. 
არჩევნების შედეგების შესამოწმებლად კვლევის მსგავსი მეთოდოლოგია ფართოდ არის გავრცელებული ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში, რაც თავისთავად სანტერესეო შედეგებს იძლევა“, –განუცხადა knews.ge-ს მარიამ სიხარულიძემ.
ანგარიში მომზადდა პროექტისთვის – „არჩევნების გაყალბების დადგენა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით“, (DEFDA) რომელიც დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.