ახალი ამბები

საიამ თელავის სამ უბანზე შვიდი დარღვევა დააფიქსირა

 როგორც Knews.ge-ს საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა პროცედურული ხასიათის დარღვევები გამოავლინეს. 

„თელავის მე-13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს მას არ მისცეს შესაძლებლობა, გასცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. ჩვენი დამკვირვევებლი უბნიდან გამოაძევეს. საუბნო საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ დამკვირვებელი „ზედმეტად აქტიურობდა“, ხელს უშლიდა კომისიას უფლებამოსილების განხორციელებაში და მის საქმიანობაში ერეოდა. ეს დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლაა. თელავის 25-ე საარჩევნო უბნაზე პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საიას თხოვნით, პროცესში ჩაერია. თელავის 25-ე საარჩევნო უბნაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრმა უარი განაცხადა წილისწყრის პროცედურაში მონაწილეობაზე, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. თელავის 45-ე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შეუზღუდა წილისყრის პროცედურებში მონაწილეობის უფლება. თავმჯდომარემ განმარტა, რომ ცესკოს მიერ 23 ოქტომბერს მიღებული #72/2016 დადგენილებით, კომისიის წევრებს არ ჰქონდათ წილისყრაში მონაწილეობის უფლება. ეს დადგენილების არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენ ვითხოვთ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.“, – განუცხადა knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა. 

მისივე განმარტებით, კომისიის წევრების მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი წარმოადგენს კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვან ან ბრალეულ შეუსრულებლობას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების პროცედურების კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას.