ახალი ამბები

გიორგი ხაზიური – ვიცხოვრებ ხალხის პრობლემებით

ხაზიურმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა სოფელ ველისციხის მაცხივრებლებთან გამართა და თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. იგი ადგილობრივებს გაზრდილ პენსიას და ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდას დაჰპირდა.
,,ყველა სოფელში მეყოლება წარმომადგენელი და ვიცხოვრებ ხალხის პრობლემებით, ვიბრძოლებ ქვეყანაში დამკვიდრებული კორუფციული და სხვა მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ. ეს არის პრინციპული საკითხები და ამაში ჩემი გამოცდილება დამეხმარება. ველისციხელებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყურძნის დაბალ ფასზე, სადაზღვევო სისტემის გაუმართაობაზე, გაძვირებულ მედიკამენტებზე და სხვა პრობლემებზე“, – განაცხადა გიორგი ხაზიურმა.
მან ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით პარტიის ხედვა. იგი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ არ დაელოდება არჩევნებში გამარჯვებას და მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარება შესთავაზა. 
ადგილობრივების განცხადებით, მათ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
,,მოვისმინეთ პროგრამა და ვფიქრობ, რეალურია. ვცდილობთ, გავყვეთ ამ კაცს, თუმცა ყველას იმედი აქვს დაკარგული. მოქმედმა დეპუტატმა ჩვენი იმედი არ გაამართლა და ხალხის გვერდით არ დადგა. გვჭირდება ხალხზე მზრუნველი დეპუტატი“,– აღნიშნა სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა მაყვალა გეთიაშვილმა.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მორიგ შეხვედრებს სოფელ კახიფარისა და ვაჩნაძიანის მოსახლებასთან გეგმავს.