ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი საუბნო კომისიის წევრების შერჩევის ხარვეზებზე საუბრობს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება.

„ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ ზემოაღნიშნული სიებით. ამასთან დაკავშირებით განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმაც გააკეთეს. როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ დედოფლისწყაროს და საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული; საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში, სავარაუდოდ, აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის წარმომადგენლები. ის ფაქტი, რომ სიები ხელმისაწვდომი არ იყო ოპოზიციური პარტიების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, როგორც ეს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამყარებს ეჭვებს წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩევას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობის ხარვეზებზე საუბრობს არასმთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებიც“. როგორც “სამართლიან არჩევნებში” აცხადებენ, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. ISFED ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მასზე დაქვემდებარებულ საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესს, რათა იგი წარიმართოს გამჭვირვალედ და დარღვევების გარეშე.