ახალი ამბები

ზეგაანში ღმრთისმშობლის VI საუკუნის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

როგორც Knews.ge -ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ტაძარი VI-VII საუკენეების სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს და ნაშენია რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით კირის დუღაბზე. სამუშაოები ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების მონიტორინგი, რომელსაც მცხეთიდან ჩამოსული სპეციალისტების ჯგუფი ახორციელებს. ამ ეტაპზე ბაზილიკის მთავარი ეკლესია ხელახლა გადაიხურა კრამიტით, უახლოეს პერიოდში კი მის გვერდით მდებარე შენობაც გადაიხურება. ღმრთისმშობლის მამათა მონასტრამდე სამანქანო გზა მიდის და მომავალში შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად იქცეს. მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სამონასტრო კომპლექსში ღმრთისმშობლის ტაძართან ერთად შედის: შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, V საუკუნის წმინდა მარინეს ეკლესია, სატრაპეზო, გალავანი კარიბჭით, მარანი და სხვა ნაგებობები. კომპლექსი გალავნით არის შემოზღუდული, რომელიც ფრაგმენტულად არის დღემდე შემორჩენილი”, – განუცხადა Knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.