რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივ ხელშეკრულებათა ისტორია და ნატოს პერსპექტივა

რუსეთ-საქართველოს შორის არა­ერთი სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური შეთანხმება შედგა. მათი ზერელედ გადახედვაც კი კმარა დასკვნების გამოსატანად.

მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად:

1719 წელს რუსეთის იმპერატორმა პეტრე პირველმა მოლაპარაკებები დაიწყო ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსესთან, რათა ეს უკანასკნელი სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის მოკავშირეობას დასთანხმებოდა. „მოძმე, მართლმადიდებლურ რუსეთთან კავშირი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ ვახტანგს ბევრი არ უფიქრია. მან არა მარტო ქართველთა, არამედ, სომხების ჯარიც შეკრიბა და 1722 წელს სამი თვე უშედეგოდ უცდიდა პეტრეს გამოხმაურებას. პეტრემ ლაშქრობა კასპიისპირეთში დაიწყო, აიღო დარუბანდი,  მიზანს მიაღწია და უკან გაბრუნდა. რუსეთის იმპერატორ ვახტანგის ჯარი სპარსული ძალების საქართველოს მიმართულებით კონცენტრაციისთვის სჭირდებოდა, რათა საკუთარ ფრონტზე საქმე გაეადვილებინა. რასაკვირველია, ვახტანგის ქმედებას სპარსელთა დამსჯელი ლაშქრობები მოჰყვა, მაგრამ ეს პეტრეს აღარ აინტერესებდა… უფრო მეტიც, 1724 წელს მან ხელშეკრულება გააფორმა ოსმალეთთან და აღმოსავლეთ საქართველო ამ უკანასკნელს დაუთმო.

თუმცა, საქართველოს კიდევ დიდი დრო სჭირდებოდა იმისათვის, რომ რუსეთი რეალურად შეეცნო. 1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, მუსლიმურ რკალში დარჩენილი ქვეყანა დაიღალა, გამოიფიტა იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლით. შესაბამისად, 1783 წელს გაფორმებული გიორგიევსკის ტრაქტატი დიდ მიღწევადაც ჩაითვალა. რუსეთი ვალდებულებას იღებდა, მუდმივად ჰყოლოდა ორი ბატალიონი ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე და, საჭიროების შემთხვევაში, მთელი ძალებითაც დაეცვა აღმოსავლეთ საქართველო. 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის ლაშქრობის წინ, რუსეთმა ბატალიონები წინასწარგანზრახულად გაიყვანა. ქართლ-კახეთი მიწასთან გასწორდა: მოიშალა ეკონომიკა, დაინგრა ტფილისი, დაიწვა სოფლები, სამეფო შინაარეულობამ მოიცვა.

დანგრეული ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული „ერთმორწმუნე“ მეზობელზე. შედეგად, ქართლჶკახეთის უკანასკნელმა მეფე, გიორგი XII-მ რუსეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა სთხოვა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სამეფო დინასტიის შენარჩუნების პირობით. რუსეთის  მოწვევით, გიორგი XII მშვიდობის დამყარებას, ეკონომიკურ აღმავლობას იმედოვნებდა. საპასუხოდ, 1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლჶკახეთის დამოუკიდებლობა, ხალხი ძალით დააფიცა იმპერატორის ტახტის ერთგულებაზე, ქართული სამეფო დინასტია რუსეთში გადაასახლა, მოშალა „ერთმორწმუნე“ ეკლესიის ავტოკეფალია და ა.შ.

მფარველობის შესახებ შეთანხმება რუსეთმა იმერეთის სამეფოსაც გაუფორმა 1804 წელს (ელაზნაურის ტრაქტატი), თუმცა 1810 წელს მისი დამოუკიდებლობაც გააუქმა და უკანასკნელი მეფე სოლომონი II ქვეყნიდან გააძევა.

1918 წლის 26 მაისს, რუსეთის გუბერნიებად თუ ოკრუგებად დაყოფილმა საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. პირველივე დღიდან, ამ დამოუკიდებლობას თანაბრად მტრობდნენ, როგორც ბოლშევიკები, ასევე თეთრგვარდიელი მეფის გენერლები. თუმცა, ტაქტიკური მოსაზრებით, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევას ისახავდა მიზნად, 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და მისი ტერიტორიული მოთხოვნების დიდი ნაწილიც დააკმაყოფილა. ხელშეკრულების შედეგად ლეგალიზებულმა ბოლშევიკურმა პარტიამ და ახალგახსნილმა რუსეთის საელჩომ მყისიერად დაიწყეს ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების მოწყობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად რუსეთი, ძირითადად, კოლაბორაციონისტ ქართველებს, აფხაზ და ოს სეპარატისტულ ჯგუფებს იყენებდა. ქვეყნის „შიგნიდან აფეთქება“ არ გამოვიდა, ამიტომ 1921 წლის თებერვალჶმარტში რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა.

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ აღდგენის შემდეგ, იმავე ოსი და აფხაზი სეპარატისტული ჯგუფების მართვის მეშვეობით, იმავე ქართველი კოლაბორაციონისტების გამოყენებით, რუსეთმა კვლავ დაიწყო საქართველოს „შიგნიდან აფეთქება. ქვეყანას თავს მოახვიეს სამოქალაქო და „ეთნიკური“ შიდა ომები, რომელთა სცენარები კრემლში იწერებოდა. თუმცა, ჩვენ ისევ ამ ურთიერთობათა იურიდიულ მხარეს დავუბრუნდეთ: აფხაზეთის ომის მსვლელობისას, 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვისა და 1993 წლის 28 ივნისის სოჭის შეთანხმებათა საფუძველზე მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე შეიარაღების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის ვალდებულებას იღებდნენ. კრემლი ამ შეთანხმებათა შესრულების გარანტად გამოდიოდა. ქართული მხარის მიერ შესრულებულ პირობას, მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ სოხუმზე იერიში და აფხაზეთის ოკუპაცია მოჰყვა.

ბოლო და საქართველოს თანამედროვეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება დაიდო 2008 წლის 12 აგვისტოს, რომელიც „ექვსპუნქტიანი შეთანხმების“ სახელით არის ცნობილი. ამ შეთანმებით, რუსეთი ვალდებულია, რუსული შეიარაღებული ძალები დაუბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კონფლიქტის ზონებში შესვლის უფლება მისცეს. რასაკვირველია, ეს უკანასკნელი შეთანხმებაც ძალიან შორს არის შესრულებისგან.

როგორც ვხედავთ, რუსეთს არც ერთი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება არ შეუსრულებია. საქართველო მუდმივად მოტყუებული რჩებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულებათა უკან ცალკე აღებული საქართველო იდგა, რუსეთი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც მას აღებულ ვალდებულებათა შესრულებას აიძულებდა.

სწორედ, აქ არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის _ ნატოს წევრობა, როგორც გამოსავალი. თუ გსურს, მეცხრამეტე საუკუნის მეთოდებით მოქმედმა იმპერიამ პატივი გცეს და შეასრულოს შენწინაშე აღებული ვალდებულებები, ის შენში უნდა ხედავდეს ძალას.  საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის დასავლური, მშვიდობიანი, განვითარებასა და მყარ, სანდო პარტნიორობაზე ორიენტირებული ალტერნატივა იმისა, რაც ბოლო სამასი წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთთან ურთიერთობისას გამოცადა.

ავტორი: ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე”

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge