არასამთავრობოები – გაზზე ტარიფის გაზრდა მოსახლეობის ნაწილის დისკრიმინაციაა

დიდი ხანია, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბუნებრივ აირზე გადასახდის შემცირებაზე უკვე არავინ აღარ ოცნებობს. ამჟამად მოქალაქეების ნაწილის მთავარი საზრუნავია, რომ გაზზე გადასახადი არ გაიზარდოს, თუმცა კომპანია ვისოლი არ აპირებს, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაზაფხულიდან ქალაქ თელავისა და თელავის თემის მოსახლეობის ნაწილს 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 48 თეთრის ნაცვლად 59 თეთრს გადახდა მოუწევს. მესამე სექტორი კომპანია „ვისოლის“ გადაწყვეტილებას მოქალაქეების დისკრიმინაციად აფასებს. 
არასამთავრობო ორგანიზაცია „თელავი ჩემი ქალაქია“ აბონენტებთან ერთად აპირებს, უახლოეს მომავალში წერილით მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს, გაუქმდეს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანება, რომელიც ენერგოკომპანიებს ტარიფის ცვლილების უფლებას აძლევს. კერძო სექტორი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ბუნებრივ აირზე გადასახადი არ გაიზარდოს. 
,, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუნებრივ აირზე ფასი იზრდებოდა, მოდიოდა ჩვენთან მოსახლეობა და მიზეზს გვეკითხებოდნენ. ისინი კომპანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა მხარე და ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. აღმოჩნდა, რომ სამ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას უძვირდება გაზი და ქალაქში დაახლოებით 300-მდე აბონენტს. კიდევ დაიგეგმა, რომ ჩატარდება შეხვედრა და გვინდა რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ჩვენი ერთად მუშაობით იქნებ შეიცვალოს კანონი, რომლის შემდეგაც ყველა აბონენტი ჩადგება თანაბარ პირობებში’’,– განუცხადა Knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაციის „თელავი ჩემი ქალაქია“ ხელმძღვანელმა თამარ ლაზარიაშვილმა.
პლატონ კალმახელიძის უწყებაში არასამთავრობო სექტორის მსგავსად ფიქრობენ, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდით 7000 მოსახლე სხვა აბონენტებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება. თელავის მერიაში ამბობენ, რომ უწყება კონსულტაციებს აწარმოებს კომპანიასთან, რათა გამოირიცხოს აბონენტების ნაწილის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება. 
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარკვეულწილად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ეს ხალხს. ქალაქის მერიისთის მიუღებელია ის, რომ ერთი აბონენტი ბუნებრივ აირში იხდიდეს 48 თეთრს, ხოლო მისი გვერდით მცხოვრები მეზობელი 59 თეთრს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიასთან ერთად მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე რაც ჩვენს მოსახლეობას შეუმსუბუქებს მდგომარეობას,’’- განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.
კახეთის რეგიონში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი სოფიო აივაზაშვილი კომპანიის გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ აბონენტების გარკვეული რაოდენობისათვის გაზზე ყოველთვიური გადასახდის გაზრდით არ დარღვეულა მათი უფლებები, რადგან ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანების მიხედვით ვისოლს ტარიფის გაზრდის უფლება აქვს. 
,,ამ საკითხთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენის აპარატი მუშაობს აქტიურად, რა სამართლებრივი მოქმედებები შეიძლება გატარდეს იმის მიხედვით, რის საშუალებასაც გვაძლევს ახლანდელი კანონმდებლობა, რათა არ მოხდეს მოსახლეობის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება. კომპანია მოქმედებს ამ შემთხვევაში სამართლებრივად. მას 2007 წელს მიღებული ბრძანება აძლევს ამის საშუალებას. შესაბამისად კომპანიას ჰქონდა უფლება, ნებისმიერ დროს გამოეყენებინა ეს ბერკეტი და შეეცვალა გაზის ტარიფი მოსახლეობისათვის’’,- განაცხადა სოფიო აივაზაშვილმა.
,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია’’ 1 აპრილიდან ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს 11 თეთრით გაუძვირებს. 
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც ბუნებრივი აირი საცხოვრებელ სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. „ვისოლის“ გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორი დავით ჯირმიზაშვილი გაზის გაზრდილ საფასურს დოლარის კურსის ცვლლებას უკავშირებს და ირწმუნება, რომ კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო. „ვისოლს“ ბუნებრივ აირზე ფასის მომატება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ამ მხრივ რაიმე კომპრომისზე წასვლას არ პირებს. მოსახლეობის ნაწილი კი შიშობს, რომ გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდის და გაზაფხულიდან გაზის გარეშე დარჩება.