ახალი ამბები

თელავის მოსახლეობა ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას აპროტესტებს

კომპანიის აბონენტებმა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხელმოწერების შეგროვება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან დაიწყეს. ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით კომპანიისგან შეტყობინება 7 000 -მდე აბონენტს 20 იანვარს მიუვიდა. მომხმარებელს 1 კუბურ მეტრ აირზე 48 თეთრის ნაცვლად 59 თეთრის გადახდა მოუწევს. ადგილობრივების განცხადებით, ბუნებრივი აირის გაძვირება აბონენტებს ფინანსურად სერიოზულად დააზარალებს. 
,,ისედაც გვიჭირდა გადახდა, ვსესხულობდი ხოლმე. ვცდილობდი, ეკონომიურად დამეხარჯა, რომ თვის ბოლოს ბევრი გადასახადი არ მოსულიყო. ახლა კი ერთნაირად 11 თეთრით გაძვირება ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდებს”,-განუცხადა Knews.ge-ს თელავის მკვიდრმა ზურაბ აივაზაშვილმა.
ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში შეგროვდება მოსახლეობის ხელმოწერები, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს გაეგზავნება.
,,ხელმოწერებს შევაგროვებთ ყველა სოფელში და დავარწმუნებთ ხელისუფალს, რომ შეცვალოს ის უგუნური გადაწყვეტა, რომელიც მიიღო კომპანია ,,ვისოლთან” ერთად”,- განაცხადა პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.
კომპანია ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიაში’’ აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. კომპანიის გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორ დავით ჯირმიზაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფს არ გაზრდიდა, შესაძლოა, ბუნებრივი აირი ვეღარ ეყიდა.
,,ამ ყველაფერზე იმოქმედა დოლარის კურსის ცვლილებამ. კომპანიამ ზაფხულის მერე ზარალი განიცადა და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ ტარიფის გაზრდა, რადგან შემდეგ შეიძლებოდა გაზი საერთოდ ვერ გვეყიდა. ჩვენ 17 000 აბონენტი გვყავს სულ და 7000-მდე აბონენტს შეეხო ბუნებრივ აირზე ტარიფის გაძვირება,’’-განუცხადა knews.ge-ს დავით ჯირმიზაშვილმა.