ახალი ამბები

თელავში ვახვახიშვილების რეაბილიტირებული სასახლე გაიხსნა

სასახლეში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 511 ლარი დაიხარჯა. პლატონ კალმახელიძის განცხადებიოთ, ვახვახიშვილების სასახლეში განთავსდა კულტურის ცენტრი, რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებას, გამოფენასა და შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს.
,, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ ისტორიული ძეგლები არ გასხვისდება და მოემსახურება თელავის კულტურული ცხოვრების დონის კიდევ უფრო ამაღლებას. მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო ვახვახიშვილების სასახლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შიდა სამუშაოები განხორციელდა და საკანალიზაციო და ელექტრო სისტემები მოეწყო. ეს ყველაფერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით განხორციელდა,’’– განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ. 
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განმარტებით, 2012 წელს შენობის ფასადური რეაბილიტაციის განხორციელების გამო სასახლემ თითქმის დაკარგა ისტორიული ღირებულება. მისივე თქმით, შენობის აღდგენისა და რეაბილიტაციის შემდეგ ვახვახიშვილების ისტორიული ციხე თელაველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერა გახდება.
,,წინა ხელისუფლების ჩატარდა აღნიშნული შენობის მხოლოდ ფასადური რეაბილიტაცია. ელემენტარული კომუნიკაცია, წყალი ელექტროენერგია, საკანალიზაციო სისტემა, საერთოდ არ იყო მოწყობილი და ეს შენობა თელავისთვის იყო გამოუსადეგარი. ჩვენ ამ მიმართულებით მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, რადგან სასახლე პრაქტიკულად გაპარტახებული იყო. ჩვენ ხელახლა მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია, შემოვიყვანეთ კომუნიკაციები’’- განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.