ახალი ამბები

თელავში სემინარი ,,მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე’’ გაიმართა

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
,,ამ ტიპის შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ემსახურება იმ არასწორი მითების გაქარწყლებას, რაც ევროკავშირის და კერძოდ ევროპული ღირებულებების შესახებ ხშირად ვრცელდება საქართველოში. მე მოხარული ვარ, რომ მოსახლეობის უმეტესობა არის ძალიან პოზიტიურად განწყობილი ამ პროცესისადმი და არის მზადყოფნა, რომ ჩაერთონ ევროპული საქართველოს მშენებლობის პროცესში’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ მედულაშვილმა.
სემინარზე ასევე ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებსა და სურსათის უვნებლობის საკითხებზეც იმსჯელეს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EWMI) წარმომადგენელის, ნოდარ ტანგიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს, ფერმერს შესაძლებლობა ექნება, თავისი პროდუქცია 500 მილიონიან ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად. 
,,სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს განვითარების დიდი შესაძლებლობა. ეს არის 500 მილიონიანი ბაზარი, სადაც უნდა შევიდეს ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ამით კახელ გლეხს მიეცემა საშუალება, გაიტანოს ღვინო და სუფრის ყურძენი ამ მოცულობის ბაზარზე, დაუკავშირდეს იქ არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებს, ნახოს რაზეა მოთხოვნა და აწარმოოს ის პროდუქცია. ევროკავშირთან შეთანხმება საქართველოს აძლევს 9 600 დასახელების პროდუქცია გაიტანოს ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს ქართველი მეწარმე. გარდა ამისა, ხორციელდება პროგრამა ENPARD-ი, რომელიც ეხმარება ქართულ კოოპერატივებს, რომ თავიაანთი საწარმოო სიმძლავრეები გააძლიერონ. ამიტომ მითი იმის შესახებ, რომ ევროკავშირი სოფლის მეურნეობის განადგურებას ისახავს მიზნად, სიმართლეს არ შეესაბამება ’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ ტანგიაშვილმა.
ღონისძიება გაიმართა აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). რეგიონულ სემინარს ევროპული ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ.