ახალი ამბები

სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი შვედეთის მთავრობის მუშაობას გაეცნობა

,,შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, გავეცნობით ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას, სიახლეებს და დავგეგმავთ სამომავლო აქტივობებს. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას. შვედეთში ვიზიტის შემდეგ არსებობს შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შემუშავდეს პროექტი და ვიმუშავოთ თელავში არსებული პრობლემების მოგვარებაზე”,– განუცხადა knews.ge-ს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ, ლიკა იმერლიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ზაზა რაიბულის განცხადებით, წარმომადგენლობითი ორგანოს ორი წევრი შვედეთის მუნიციპალიტეტების მუშაობას ადგილზე გაეცნობა, ხელისუფლებას მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებს და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის მიზნით რაიონში სიახლეებსაც დანერგავს. 
,,ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილზე ვნახოთ შვედეთის კონკრეტული მუნიციპალიტეტების მუშაობის პრინციპები, საზოგადოების ჩართულობა, პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და სხვა. დარწმუნებული ვარ იქაური გამოცდილება გამოადგება ჩვენს ქალაქს, თემს და ადგილობრივ თვითმმართველობას”,- განუცხადა Knews.ge-ს ზაზა რაიბულმა.
სამკვირიანი ვიზიტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SiDA) მხარდაჭერით და შვედური ორგანიზაცია ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო კოოპერაციის დაფინანსებით განხორციელდება.