ახალი ამბები

ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს. გამოძიებით დადგენიდა, რომ გივი ქ. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით მოქალაქეს დაჰპირდა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2734 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 13 000 აშშ დოლარი.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი არ ფლობს ინფორმაციას, ბრალდებული გამგეობის რომელი განყოფილების უფროსის სახელით მოქმედებდა, თუმცა გამორიცხავს დაკავებულის საქმიან ურთიერთობას უწყების რომელიმე თანამშრომელთან. 
„არ ვიცი რომელი განყოფილების უფროსის სახელით მოქმედებდა. როგორც ვიცი ის წაიყვანეს თბილისში, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ვიცი, ეს ადამიანი თაღლითია და ისე გამოსძალა ფული. იმას ნამდვილად გეტყვით, რომ მას არც ერთ ჩვენს თანამშრომელთან არ ჰქონია საქმე“, – განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა. 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.