ახალი ამბები

ახმეტელები თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდას ითხოვენ

ადგილობრივები პასუხისმგებლობას აკისრებენ კომპანია “თუშეთის გზას”, რომელმაც ტერდერში გაიმარჯვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია გზის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას არ ასრულებს და არც სპეცტექნიკას იყენებს.
მძღოლები, რომლებსაც ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანიდან თუშეთში ტურისტები გადაჰყავთ, ამბობენ, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია გზის 50-ე და 53-ე კილომეტრზე, სადაც მეწყერსაშიში ზონაა.
,,თუ ამ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდა, შესაძლოა, ჩაინგრეს გზა, რასაც მსხვერპლი მოჰყვება”,– განუცხადეს ,,რუსთავი 2”-ს ახმეტელებმა.
ბრალდებებს შ.პ.ს. “თუშეთის გზაში” პასუხობენ. კომპანიის დირექტორის, ომარ ლეკიშვილის განცხადებით, ისინი გაწმენდით სამუშაოებს პერმანენტულად ასრულებენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტში გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის თუშეთში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც მილიონ 200 000 ლარი დაიხარჯება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის განცხადებით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში კეთდება გზის ის მონაკვეთები, რომლებიც ზამთარში დაზიანდა და ზვავის ჩამოწოლის საშიშროებას ქმნის:
,,გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ,,თორღვას აბანოს” მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნული თანხა მსოფლიო ბანკმა შარშან მოგვცა. გარდა ამ სამუშაოებისა, მთლიანად იწმინდება თუშეთის გზა, რისთვისაც 180 ათასი ლარია გამოყოფილი.მუშები გზას თუშეთის მხრიდანაც მოსდევენ და ასუფთავებენ. ახმეტის მხრიდანაც მიმდინარეობს სამუშაოები,”- განუცხადა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.
გამგებლის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “თუშეთის გზა” ვალდებულია წლის ნებისმიერ დროს გზის დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოები კვლავ განახორციელოს.