სტატიები

რა ფუნქცია აქვს და როგორ მუშაობს კახეთის სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო

დაარსების დღიდან საბჭო მესამედ შეიკრიბა, რომლის ფარგლებში ერთი გასვლითი სხდომა ჩატარდა. სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ქალაქ თელავის მერი შედიან.

საბჭოს შექმნა და პირველი შეხვედრა

სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო 2014 წლის იანვარში შეიქმნა. მისი დაარსების დღესვე პირველი გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომლის დროსაც საბჭოს დებულება, კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მეთოდოლოგია და მუნიციპალიტეტებში დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხები განიხილეს. როგორც კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა სხდომაზე განაცხადა, გასვლითი სახის შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
„ის პრობლემური საკითხები, რაც არის რეგიონულ ჭრილში, ჩვენს წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება, რომ ინფორმაციების ურთიერთგაცვლით მოვახერხოთ უფრო სწრაფი კომუნიკაცია ერთმანეთთან და რეგიონში არსებული პრობლემები დროულად მოვაგვაროთ“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.
მისივე თქმით, დებულების თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეები გაერთიანდნენ.

სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ფუნქცია

კახეთის სამხარეო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება, გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების, ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. გუბერნატორის პირველი მოადგილის, გივი მეტრეველის ინფორმაციით, სამხარეო საბჭო ხელს უწყობს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას. მისივე განმარტებით, საბჭოს საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს, რითიც შეხვედრების დროს ხელმძღვანელობენ.
,,სამხარეო საბჭოს ფუნქციონირება ხელს შეუწყობს იმას, რომ ერთი სტრატეგიით იმოქმედოს ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით სახელმწიფომ და მათ შორის ყველა მუნიციპალიტეტმა,’’ – აცხადებს გივი მეტრეველი.
მეტრეველის განცხადებით, სხდომაზე წარმოდგენილი კონკრეტული რეგიონული თუ მუნიციპალური პროექტის განხილვის შემდეგ, საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამგებლებს ეძლევათ საშუალება, წარადგინონ ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
,,საბჭოს მეორე სხდომა იანვრის ბოლოს გაიმართა, სადაც განხილული იყო გამგეობების მიერ შემოთავაზებული ინფრასტრუქტურული პროექტები. მანამდე კი, სამუშაო ჯგუფებმა იმუშავეს აღნიშნულ პროექტებზე, გაგვაცნეს საკუთარი შეხედულებები რაც განვიხილეთ მეორე სხდომაზე. სწორედ მაშინ დამტკიცდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც შემდგომ წარედგინა სამინისტროს. გარდა სხდომებისა, ჩვენ ყოველკვირეულად გვაქვს საბჭოს წევრებთან აქტიური ურთიერთობა და საფუძვლიანად გავდივართ მათთან იმ თემებზე კონსულტაციებს, რასაც შემდეგ საჭოს იხილავს’’,- ამბობს გივი მეტრეველი.

გუბერნატორის მოადგილის განმარტებითვე, საბჭომ რიგით მესამე შეკრება 2015 წლის 16 აპრილს გამართა, სადაც საუბარი რეგიონში მიმდინარე პროექტების განხორციელებას შეეხო, რომელიც გუბერნიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა წარადგინა.
,,მესამე შეხვედრაზე მოვისმინეთ გამგებლების შენიშვნები გუბერნიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილ პროექტებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საბჭოს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა მისი დაარსების დღიდან. ეს მიზნად ისახავს სახელმწიფოში არსებული პრიორიტეტებთან თანხვედრაში მოვიდეს ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტები. სახელმწიფოს პრიორიტეტებია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების და ხიდების მშენებლობა, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, სკოლამდელი აღზრდა და სხვა. ამის მიხედვით გავალაგეთ ჩვენი პროექტებიც‘’, – აცხადებს გივი მეტრეველი.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის აზრით, აღნიშნული საბჭოს ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტისთვის. იგი აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით სხდომები სამ თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს, ეს კი არცერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის თუ საკრებულოს თავმჯდომარესთვის არ არის მომაბეზრებელი.

ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, მას უკვე დაგეგმილი აქვს პრობლემური საკითხის წამოჭრა, რაზედაც საბჭოს მომავალ სხდომაზე ისაუბრებს.
,,საბჭოს დაარსების შემდეგ უკვე ორჯერ შევიკრიბეთ. განვიხილეთ რეგიონული პროექტების დროულად წარდგენისა და სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ საკითხები. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ იმ პროგრამებზე, რომელიც ზაფხულში უნდა დამთავრდეს, მაგალითად: წყლის სისტემის და ჭაბუღილების რეაბილიტაციის პროექტებზე. სხდომებზე ვუზიარებთ ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილებას. მომავალ სხდომაზე დაგეგმილი მაქვს, ვისაუბრო სოფელ ვარდისუბანში სადრენაჟე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე. სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შარშან დაიწყო და მისი დასრულება დროში გაიწელა ობიექტური მიზეზების გამო’’,- ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი.

საბჭოს ფუნქციონირების მნიშვნელობასა და მის დადებით მხარეებზე საუბრობს თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძეც. მისი განცხადებით, საბჭოს ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, რადგან მასში ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი შედის და სხდომებზე ხდება საერთო პრობლემებსა და პროექტებზე მსჯელობა.

,,აქამდე ჩატარებულ სხდომებზე ვსაუბრობდით მიმდინარე პროექტებზე. როგორც თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შეხვედრებში ვიღებ აქტიურ მონაწილეობას და ვსაუბრობ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ვფიქრობ, საბჭოს ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ყველასთვის’’,- აცხადებს თხლაშიძე.

თელაველ სოფო იმერლიშვილის თქმით, მას დღემდე საკონსულტაციო საბჭოს შესახებ არ სმენია. მისივე თქმით, ადგილობრივ მთავრობას ხალხთან უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.

,,ასეთი საბჭო თუ არსებობდა პირველად გავიგე. თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვურჩევ რომ მოსახლეობას ესაუბრონ არსებული პრობლემების შესახებ და მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ’’,- ამბობს იმერლიშვილი.

საკონსულტაციო საბჭოების მიზანი და მუშაობის შეფასება

სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოების მნიშვნელობაზე საუბრობს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი.
მისი ინფორმაციით, თვითმმართველობის ახალი კოდექსით შემოღებული ეს ინსტიტუცია არის საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც სახელმწიფოს რწმუნებულ-გუბერნატორი ხელმძღვანელობს.
კანდელაკის განმარტებით, საბჭო ერთის მხრივ, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს საშუალებას აძლევს გარკვეულ საკითხებზე მოისმინონ ინფორმაცია გუბერნატორის მხრიდან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, ხოლო მეორეს მხრივ, გუბერნატორმა კონკრეტულ საკითხზე მოისმინოს თვითმმართველობის წარმომადგენლების მოსაზრებები, რჩევები და სხვა.
,,ეს არის მხოლოდ საკონსულტაციო, საჯარო ორგანო და მას, არანაირი სამართლებრივი ბერკეტები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები არ გააჩნია. საბჭო კანონით სამ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ყოველ თვე შეიძლება ჩატარდეს სხდომა. ამის შესახებ მოსახლეობასაც უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და ეს ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე იქნება. საბჭოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია რეგიონული განვითარების სტრატეგიებზე მუშაობა და სწორედ ეს ის ადგილია, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა საერთო პრობლემებზე უნდა ისაუბრონ.
აღნიშნული ინსტიტუცია დღეისთვის არცთუ ისე ქმედითია. როგორც ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, ის უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, არადა ამ ინსტიტუტის ამუშავება ორივე მხარეს აძლევს ქმედით ბერკეტებს გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად. ზოგიერთ რეგიონში ამ სხდომების მოწვევა ავიწყდებათ კიდეც’’, -აცხადებს კოტე კანდელაკი.

 

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.