ახალი ამბები

თელავის წმ. ნინოს ტაძარში 2 ივნისი მედეა მეზვრიშვილის ხსოვნის დღედ დაწესდა

,,როგორც წესია ქრისტიანების, ყველა საქმეს ღვთის დიდება უძღვის წინ და ჩვენც ღვთის დიდებით დავიწყეთ დღევანდელი დღე წმ. ნინოს ტაძარში. ქალბატონ მედეასადმი მიძღვნის დღეს აღევლინა წირვა, რომელიც არის სულის მოსახსენებელი ლოცვა და მას მოება პანაშვიდი მის სახელზე. ქალბატონი მედეა იყო წმ. ნინოს ტაძრის აშენების ინიციატორი. დღეს ამბიონე ვთქვი, რომ რაც ამ ტაძრის მშენებლობა დაიწყო, ქალბატონი მედეას სამუშაო დღე იწყებოდა და მთავრდებოდა ამ ტაძარში. აშენების შემდეგაც გრძელდებოდა ეს ტრადიცია. ძალიან უყვარდა ჩუმად, წყნარად, შეიძლება ითქვას, ტაძარში მოპარვა და სანთლის დანთება და ყოველთვის ამბობდა ასეთ რამეს: მე ვანთებ სამ სანთელს: ჩვენი ერისათვის. პატრიარქისათვის და მიცვალებულებისათვის. ეკლესიაში არსებობს ტრადიცია, რომ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანებისთვის, ვინც ტაძარს შეეწევა, მის სახელე ყოველთვის აღევლინება წირვა და პანაშვიდი. ამიტომ, ვისაც ექნება სურვილი ქალბატონი მედეას ხსოვნას პატივი მიაგოს, მას ექნება ამის საშუალება ყოველ 2 ივნისს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაესწროს წირვას და პანაშვიდს და ამით თავისი სიყვარული გამოხატოს“, – აღნიშნა მამა რაჟდენმა. 
გუშინ თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრში მედა მევრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. თელავის ყოფილ გამგებელს 85 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილე ღონისძიებას სასულიერო პირები, ედუარდ შევარდნაძის, მედეა მეზვრიშვილის მეგობრები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. მის სახელს უკავშირდება თელავში ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა და თეატრის ძველი ფასადის აშენება. მედეა მეზვრიშვილი 78 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 2009 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, შემდეგ გამგებელი და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი იყო. მეზვრიშვილი საგარეჯოშია დაკრძალული.