ახალი ამბები

1 530 ადამიანი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფულად დახმარებას მიიღებს

ამ მიზნით ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. განკარგულების თანახმად, საერთო ჯამში 1 530 ადამიანის დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი გამოიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშული ადამიანებიდან 411 მოხუცებული და შშმ პირია, 349 – მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი, 424- ოჯახთან რეინტეგრაციის პროცესში მყოფი, 206 -ნათესაობით მინდობით აღზრდაში მყოფი პირი, 31 ბავშვი ბერი ანდრიას თავშესაფრის და 109 ბავშვი სკოლა პანსიონის აღსაზრდელი. 
“თითოეულ ადამიანზე გამოიყო 700 ლარი, რომელიც უმეტესობას სოციალური სააგენტოს მეშვეობით პირად ანგარიშზე ჩაერიცხა. ხოლო საოჯახო ტიპის სახლები, ბერი ანდრიას ფონდისა და მეფე თამარის პანსიონის აღსაზრდელებისთვის თანხები ჩაერიცხათ თავად დაწესებულებებს, რომლებიც შემდგომში ამ დახმარებას ბავშვებს თავად გაუნაწილებენ”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს ერთ-ერთ იმ დაწესებულებაში პირადად იმყოფებოდა, რომელთა ბენეფიციარებმაც მისგან საახალწლო საჩუქრის სახით ფულადი დახმარება მიიღეს. ქვეყნის პირველი პირი “კათარზისს” სტუმრობდა, სადაც თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს დამდეგი ახალი წელი პირადად მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი თავშესაფარში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.