“შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, საპასუხოდ ვიმოქმედებთ” – ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “რუსული კანონის” მიღებას გამოეხმაურა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამართული განხილვის დროს განაცხადა, რომ ამ ქმედების საპასუხოდ იმოქმედებენ.
“შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც საქართველოში მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ.
ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ასე რომ, ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“,- განაცხადა მან.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით “რუსული კანონი” მიიღო, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებლად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტს 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი – 83 ხმა აქვს.