The Financial Times – საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ
ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
FT-ის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ.
„ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მიზანში არასწორი ადამიანები არ ამოიღოთ“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
„სავარაუდოდ, ევროკავშირი ვაშინგტონთან შედარებით უფრო ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი ევროკავშირის დროშებით კანონის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა“, – წერს FT.