რუსული კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ფიზიკური პირების დაჯარიმებაც შეეძლება
რუსული კანონის მესამე რედაქციის მიხედვით, რომელსაც ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა მხარი უკვე დაუჭირა, იუსტიციის სამინისტროს იურიდიულ პირებთან ერთად ფიზიკური პირების დაჯარიმებაც შეეძლება. საქმე ისაა, რომ კანონის აღნიშნული რედაქციით ამოქმედების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს კონკრეტული ორგანიზაციის შესახებ მონიტორინგის ფარგლებში შეეძლება ინფორმაცია გამოითხოვოს მათ შორის ფიზიკური პირებისგანაც, ხოლო ამ ინფორმაციის 10 სამუშაო დღის წარუდგენლობის შემთხვევაში, მას ფიზიკური პირების დაჯარიმება შეეძლება.
აღნიშნული ჩანაწერი რუსული კანონს მესამე წარდგენისას დაემატა:
რუსული კანონის მერვე მუხლის მესამე პუნქტი:
“მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”, – წერია რუსულ კანონში.
რუსული კანონის II მოსმენით განხილვის დროს კი მის მერვე მუხლის მესამე პუნქტში ფიზიკური პირების შესახებ ჩანაწერი არ იყო:
“მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი”, – ეწერა მესამე პუნქტში, რომელიც შემდგომ ქართულმა ოცნებამ გააფართოვა და მას ფიზიკური პირებიც დაუმატა.
რუსული კანონი ფიზიკური პირებისთვის ინფორმაციის არ მიწოდებასთან დაკავშირებით 5,000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. ორგანიზაციების მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება კი 25,000 ლარის ჯარიმას, ითვალისწინებს.