სიღნაღის ციხე-გალავნის ანაგის კარიბჭის აღდგენა დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სიღნაღის ციხე-გალავნის ანაგის კარიბჭის აღდგენა დაასრულა.
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, რომელიც, ძირითადად, რიყის ქვით არის ნაგები, უმნიშვნელო რაოდენობით გამოყენებულია აგური. ანაგის კარიბჭე გვიან პერიოდში გაიჭრა. 2022 წლის პირველ დეკემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, კარიბჭის თაღი დაინგრა. შემორჩენილი იყო მხოლოდ საყრდენი ნაწილები, რის გამოც საჭირო გახდა თაღის აღდგენა-განახლება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე 2024 წელს დაიგეგმა და ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, კერძოდ, გაიწმინდა ტერიტორია, გაკეთდა ქარგილი და ამოიყვანეს თაღი. პროექტის განხორციელების შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სრულად აღდგა და თაღს დაუბრუნდა პირვანდელი იერსახე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის 7 მარტს დაიწყო ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – ა(ა)იპ „წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების კავშირმა“. სიღნაღის ისტორიული გალავნის თაღის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ გამოყო 44 023 ლარი.
სიღნაღის ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება. იგი 4 კმ სიგრძისაა და მოიცავს 40 ჰექტარ ტერიტორიას. ისტორიკოსთა ნაწილი ციხის აგებას ერეკლე II-ს მიაწერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მან მხოლოდ აღადგინა სიმაგრე.