ახალი ამბები

არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ

არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (8,2 X 5,3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ფასადებზე, ძირითადად კუთხეებში, შირიმის მოზრდილი ქვებიცაა ნახმარი. კედლები გარედან მობათქაშებულია. ძეგლი დაზიანებულია: გრძივ კედლებს მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარები დაუყვება. საკურთხევლის ნაწილი აღმოსავლეთითაა გადახრილი.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან მიდგმული სამრეკლოს პირველი სართულიდანაა. კარი გარედან ტიმპანითაა დასრულებული, შიგნით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ერთი მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელს, აგურით ნაგები ტრაპეზი ეკვრის. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. რომლის ჩრდილოეთ ნაწილში, ქუსლის დონეზე, მცირე სამალავია მოწყობილი. აგურის კანკელი გვიანდელია. კანკელის შუაში და ჩრდილოეთ ნაწილში თითო შესასვლელია, სამხრეთ ნაწილში – პატარა სწორკუთხა ღიობი.

დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც შეისრული კამარის შეისრული საბჯენი თაღი ეყრდნობა. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია.

XVI-XVII საუკუნეებში ეკლესია მოუხატავთ. მოხატულობა ხალხურ ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება. მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები დაზიანებულია. საკურთხეველში მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში ვედრების კომპოზიციაა. მეორე რეგისტრში მოციქულებია გამოსახული. მესამეში – ეკლესიის მამები – ტრაპეზის სამხრეთით სამი (ერთ-ერთი დიაკვანია), ხოლო ჩრდილოეთით – ერთი. ტრაპეზის თავზე განირჩევა მაცხოვრის თავის კონტური და ძვირფასი ქვებით შემკული შარავანდი. საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე შავი, ნაცრისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ყვითელი ტალღისებრი ხაზებია.

ფოტოები: paata.ge photography