მილერი – საქართველოს მთავრობამ აღებული კურსი უნდა შეცვალოს, რომ გაგრძელდეს აშშ-სთან 30-წლიანი თანამშრომლობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა ამისთვის მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს.
ასე უპასუხა მან ბრიფინგზე დასმულ კითხვას – კითხვის ავტორმა ჟურნალისტმა თქვა, რომ საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან და დაინტერესდა კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებიც დაადასტურებდა აშშ-ის განცხადებებს, რომ ის ქართველი ხალხის გვერდით დგას.
“ღრმად ვართ შეშფოთებულები კანონმდებლობის და მისი წინ წაწევის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ გატარებული ქმედებების გამო. გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების შევიწროებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ ცნობებზე. ამას ვგმობთ და გამოვდივართ მოწოდებით ჩატარდეს სრულმასშტაბიანი, დამოუკიდებელი და დროული გამოძიება” – განაცხადა მეთიუ მილერმა.
“უფრო ფართო კითხვის პასუხად ვიტყოდი, რომ ჩვენ 30 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში წარმატებულად ვთანამშრომლობდით საქართველოსთან, და ვისურვებდით საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას. თანამშრომლობისთვის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ საამისოდ საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს” – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.
ბრიფინგზე მეთიუ მილერს ჟურნალისტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე – უკვე ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ შენობიდან გავრცელებული ყველა გაფრთხილება უგულებელყო და ხომ არ არის დადგა დრო სახელმწიფო მდივანი [ენტონი ბლინკენი] უშუალოდ ჩაერთოს, საქართველოში ტელეფონით დარეკოს და განაცხადოს, კმარაო, ჰკითხა მან სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს.
“ყოველთვის ვაფასებ პოლიტიკის წარმოების თქვენეულ ინსტრუქციებს, მაგრამ ჩვენ ღიად განვაცხადეთ ჩვენი პოლიტიკის შინაარსი და წინასწარ არაფერს ვიტყვი იმ მოქმედებებზე, რომლებსაც ამ შენობიდან განვახორციელებთ” – თქვა მეთიუ მილერმა კითხვის პასუხად.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო.