პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება
პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.
დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მეორე მოსმენით – მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა ჩანიშნული.
სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებული ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.
კანონის პროექტებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. საკონკურსო კომისია ორივე სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს გაზრდილი კვორუმით – კერძოდ, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს, ნაცვლად დამსწრეთა ხმათა უმრავლესობისა. გარდა ამისა, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები – 11 კვირიდან 14 კვირამდე.
ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ღონისძიებების დასაწყებად საჭირო იქნება, რომ პარლამენტმა თანხმობა სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით გასცეს, ნაცვლად 50 ხმისა.
გარდა ამისა, პროექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური „სისხლის სამართლის კოდექსის“ რიგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. გამონაკლისი დანაშაულზე წასწრების შემთხვევა იქნება, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და თუ პარლამენტი თანხმობას 48 საათის განმავლობაში არ მისცემს, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ამავე პროექტით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი უქმდება, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.
ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ ხარვეზზე დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს და მისი აღმოფხვრისათვის 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელი იქნება.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში უქმდება კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრებისა და მათი მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წარმომადგენლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.
საკანონმდებლო პაკეტით, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით ანტიკორუფციული ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, “ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების შემდეგი ღონისძიებები: – ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა.
საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთი ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს.
რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პროექტის თანახმად, მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან 1 წლამდე მცირდება. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ზუსტდება – კანონში მიეთითება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმ გარემოების არსებობა უნდა დაასაბუთოს, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ან მივლინების ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით მკაცრდება აკრძალვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე 3-თვიან პერიოდში არჩევის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული 3-თვიანი პერიოდი 6 თვემდე იზრდება. ამასთანავე, დგინდება, რომ პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.
ამავე პროექტით, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე იზრდება.
გარდა ამისა, ზუსტდება ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის − მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის – შინაარსი.