ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე – პრეზიდენტი
დღეს ვიღაცეებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები აქციონ იმად, ვინც საქართველოს იწვევს ავანტიურაში – ეს არის დიდი ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატები ესწრებიან.
„33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ქართულმა ჯარმა ყველაზე კარგად იცის დღეს, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა იცის ყველაზე კარგად, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს – ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცეებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან ქართულ ენას, ვინ ებრძოდა ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა მცდელობას.
„იმის ქადაგება, რომ მტერი მტერი არაა და მოკავშირე – მოკავშირე, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა – მამა. ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სამხედრო აკადემიებში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვჭირდა და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდით“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.