ახალი ამბები

ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით (73 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი) დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ.

ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრამდე, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა კი, ჯამურად დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.