ახალი ამბები

შეღავათით 3 000 ოფშორული კომპანია ისარგებლებს

საგადასახადო შეღავათებით, ოფშორში რეგისტრირებული აქტივის მფლობელი 3 000 კომპანია ისარგებლებს.

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები II მოსმენით,75 ხმით მიიღო (წინააღმდეგი 9) და მისი დამტკიცების შემთხვევაში, მეწარმეები, ოფშორული ზონიდან აქტივების საქართველოში გადმოტანას დაუბეგრავად შეძლებენ.

აქტივების გადმოტანის უპირატესობაზე, კანონპროექტის წარდგენისას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ზონების მონიტორინგი გამკაცრებულია და შესაძლო ზარალის თავიდან ასაცილებლად გადმომისამართება ჯობს.

რატომ არის საჩქარო აქტივების გადმოტანა, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ, კვიჟინაძემ, რომელიც ცვლილებების თანაავტორია, ანტონ ობოლაშვილთან, ირაკლი კირაცხელიასთან, ბეჟან წაქაძესთან, ზაალ მიქელაძესთან, ირაკლი ზარქუასთან და გოგი მეშველიანთან ერთად, განმარტა რომ საჩქარო, ამნისტიის კანონპროექტია და რადგან ერთ პაკეტად არის გამოტანილი, ამიტომ უწევთ დაჩქარება.

ამნისტია ფიზიკური პირებისთვის 01/2021-მდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

ამავე პაკეტით, შეღავათები უწესდება ოფშორში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 01.01.2028 -მდე განხორციელდება.

შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან. ასევე იმპორტის გადასახდელებისგან.