პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 29 ფაქტი დადგინდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მონაცემთა დამუშავების შესახებ მოქალაქეებმა 666 განაცხადით მიმართეს, საიდანაც, 601 კერძო ორგანიზაციას, 58 საჯარო უწყებას, ხოლო 7 სამართალდამცავ ორგანოს შეეხებოდა.
როგორც უწყების 2024 წლის 3 თვის ანგარიშშია აღნიშნული, სამსახურმა ინსპექტირება 57 ფაქტზე ჩაატარა.
დოკუმენტის თანახმად, სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 29 ფაქტი, საიდანაც 25 შემთხვევა 2023 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 4 ფაქტი – საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა. ამასთან, 66% (19) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 34% (10) – საჯარო სექტორში, ხოლო 0% (0) – სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.
„გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 22 შემთხვევაში. სახდელის სახით დაკისრებული 7 ჯარიმა მიემართებოდა 2023 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). დაკისრებული 15 გაფრთხილებიდან, 11 მიემართებოდა 2023 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 4 – საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს).
გარდა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა, აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო დავალებები და რეკომენდაციები“,- აღნიშნულია ანგარიშში.