PACE-ს პრეზიდენტმა „რუსულ კანონზე“ ვენეციის კომისიისგან გადაუდებელი მოსაზრება მოითხოვა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი ვენეციის კომისიას გადაუდებელ მოსაზრებას სთხოვს კანონპროექტზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
კერძოდ, PACE-ის კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიისგან გადაუდებელი მოსაზრება მოითხოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, რომელიც შეშფოთებულია ადამიანის უფლებებზე შესაძლო გავლენებით, ასევე გადაწყვიტა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა კონსტიტუციურ კანონპროექტზე ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, ასევე, საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელ ცვლილებებზე.
პრესრელიზში ხაზგასმულია ისიც, რომ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) გამოხატეს ღრმა შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც პირველი მოსმენით განიხილავენ “რუსულ კანონს”, რომელიც გუშინ, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო.