გაიცანით ნატო თამაზაშვილი თელავიდან, რომელიც სარკეებს ხელნაკეთი დეკორაციებით ალამაზებს
თელავში მცხოვრები ნატო თამაზაშვილი ხელნაკეთ სარკეებს ამზადებს. ხელნაკეთი ნივთების გაკეთება მას ბავშვობიდან იტაცებდა და სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ, გადაწყვიტა საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია.
როგორც ნატო Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ხელნაკეთი ნივთები ხარისხიანი და ლამაზი მაშინ გამოდის, როცა ეს საქმე უყვარს ხელოვანს და სიამოვნებას ანიჭებს მისი გაკეთება. მისი თქმით, მუშაობა ამ მიმართულებით ახლახანს დაიწყო თუმცა დაინტერესება დიდია.
,,ვცხოვრობ თელავში, ვარ დაოჯახებული და მყავს ორი შვილი 7 წლის და 9 წლის გოგონები. რადგან პატარებს ჩემი ყურადღება სჭირდებათ, ვერ ვახერხებ მუშაობას, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პატარა იდეა განმეხორციელებინა. ბავშვობიდან მიყვარს მსგავსი ნივთების გაკეთება, ზოგი გამომდის და ზოგი არა, მაგრამ არ გავჩერებულვარ. ამ ეტაპზე ჩემთვის ვცადე გამომეძერწა ყვავილები და გამეფორმებინა რაიმე ნივთი.
პირველად ვცადე სარკეების გაფორმება და ლამაზი გამოვიდა. გადავუღე ფოტოები და საცდელად ჩემს გვერზე გავაზიარე. ნამუშევრებმა მეგობრებისგან და ახლობლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა და ამან სტიმული მომცა. შემდეგ უკვე შეკვეთაც მივიღე და მთელი გულით შევუდექი ჩემს საქმიანობას.’’,- აცხადებს ნატო თამაზაშვილი.
ნატო სარკეებს სხვადასხვა ფორმის ყვავილებით აფორმებს. დიზაინი კი როგორც მას, ასევე შემკვეთებსაც ეკუთვნით. ნამუშევრების დასამზადებლად ის სპეციალურ მასალას იყენებს, რომელიც გამოძერწვის მერე მყარ მასად იქცევა.
,,სარკეებს სხვადასხვა დიზაინით ვაფორმებ. ძირითადად ყვავილის ფორმის დეკორაციებით. სარკის ფორმაც შეიძლება იყოს სხვადასხვა. დიზაინი ჩემია, თუმცა თუ იქნება სხვა შეკვეთა, მას მოვერგები. სპეციალური მასალით ვმუშაობ, რომელიც ფორმის მიცემის მერე მყარდება და საკმაოდ გამძლეა’’,- აცხადებს ნატო.
როგორც თავად ამბობს, ეს საქმიანობა მისთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია დამზადებული ნივთის ხარისხი და შემკვეთის კმაყოფილება.
,,ჩემთვის ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა წარმატებით გავაგრძელო. დასაწყისისთვის მინდა გამიცნოს საზოგადოებამ და იცოდეს ჩემი საქმიანობის შესახებ. ამასთან ერთად გამიხარდება, თუ ჩემი ნივთის შეძენის მსურველიც მეტი მეყოლება.’’