რა ვალდებულებები აქვთ დღეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედიის, არასამთავრობო სექტორის და ყველა იმ პირის თუ ორგანიზაციის, ვინც უცხოური ორგანიზაციების გრანტიორია, ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას ისედაც ითვალისწინებს.
კონკრეტულად, ამ საკითხს არეგულირებს “საგადასახადო კოდექსი”, “გრანტების შესახებ” კანონი, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონი და გამომდინარე სამართლებრივი აქტები, სადაც გაწერილია, გრანტიორებს რა ვალდებულებები აკისრიათ.
“საგადასახადო კოდექსით” გათვალისწინებულია, რომ არსებობს ე.წ. საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა რეესტრი, რომელიც დღგ-სგან ათავისუფლებს გარკვეულ პირებს და მათ შორის ხვდებიან გრანტის მიმღებებიც. მაგრამ გამცემებსაც და მიმღებებსაც ევალებათ, რომ წარადგინონ ხელშეკრულების სრული ასლი და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება გრანტის გამცემი და მიმღებიორგანიზაციების დასახელება, გრანტის დასახელება და რაოდენობა და დაწყების და დასრულების თარიღები. ამასთან, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ დონორი სარგებლობს შეღავათით და ეს ძირითადად ეხება დღგ-ს, მაშინ ის აწვდის შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციას. არის მეორე შემთხვევა, როდესაც თავად გრანტიორი თუ შეიძენს რაღაც პროდუქტს და მომსახურებას, განცხადება შეაქვს შემოსავლების სამსახურში, წარადგენს ხელშეკრულებას და ითხოვს დღგ-ს დაბრუნებას.
გარდა ამისა, ნებისმიერი ორგანიზაცია წარადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა სიას, ვინ არის შრომითი და ვინ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული, რამდენია საშემოსავლო გადასახადი და რამდენია ზოგადად ამ კომპანიის შემოსავალი. ორგანიზაცია ყოველი თვის 15 რიცხვში წარადგენს წინა თვის ანგარიშს. ამასთან, ნებისმიერ სხვა გადასახადზე თეორიულად შეიძლება გაუჩნდეს შემოსავალ-გასავლის დეკლარირების ვალდებულება და ამ შემთხვევაშიც არის ვალდებული კანონით დადგენილი წესით იმოქმედოს.
რაც მთავარია, ეს არის სახელმწიფოსთან ანგარიშგების ვალდებულება, რაც, ცხადია, ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს ინფორმაცია, რაც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია. ამისთვის საჭიროა იცოდეს ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მარტივად იძებნება რეესტრის ვებგვერდზე, ან გრანტის დასახელება, რაც ასევე აქვს გამოქვეყნებული თავის ვებგვერდზე ყველა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას.