ახალი ამბები

კანონპროექტის დეტალები – ორგანიზაციების შემოწმება „წერილობითი მინიშნების“ საფუძველზე შეიძლება დაიწყოს

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად, ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, მონიტორინგი ნებისმიერ დროს განახორციელოს.

დოკუმენტში წერია, რომ ორგანიზაციების შემოწმება იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზეც შეიძლება დაიწყოს, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას“ შეიცავს.

მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება.
იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
ამასთან, ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.

თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტმა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას გულისხმობს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.