ახალი ამბები

არა რუსულ კანონს – ჩვენ ვირჩევთ ევროპას

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო.
“არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ამ სლოგანით დღეს საპროტესო აქცია გაიმართა თელავშიც. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა რუსული კანონი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, კანონპროექტი რომელიც ხელისუფლებამ გასულ წელს ჩააგდო, მისი ხელახლა ინიცირება დანაშაულია. მისი განხილვით კი, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა საფრთხის ქვეშ დგება. ამბობენ, რომ მიუღებელია ხელისუფლების გადაწყვეტილება.

,,ხელისუფლება ,,რუსული კანონის“ ინიცირებით ცდილობს, რომ რუსული მეთოდებით გაგვაჩუმოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები. ამას არ დავუშვებთ რასაც ისიც მოწმობს რომ ერთი წლის თავზე ისევ იგივე საკითხს ვაპროტესტებთ. ჩვენი არჩევანი არის ევროპა“,
– აცხადებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისის კოორდინატორი თამარ მოდებაძე.

,,სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონულ კოორდინატორს ნანა დევიძეს მიაჩნია, რომ რუსული კანონის მიღება არჩევნების პროცესის გამჭვირვალობაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.
,,არა რუსული კანონს რადგან ეს ნაბიჯი ჩვენს ქვეყანას დააზიანებს ევროინტეგრაციის გზაზე. წესით, ახლა უნდა ვმსჯელობდეთ როგორ ვიყოთ ევროკავშირის წევრები და ვსაუბრობთ რაზე? თუ რამდენად უკან გვხევს რუსული კანონი. არჩევნების ლეგიტიმაციაც დადგება ეჭვქვეშ თუ სამოქალაქო ორგანიზაციები არ დავაკვირდებით არჩევნებს“.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი”, მარეხ მგალობლიშვილი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქართული კანონპროექრი რუსეთში მოქმედი კანონის იდენტურია.
,,მიუხედავად მთავრობის შარშანდელი დაპირებისა რომ ეს კანონპროექტი აღარ იქნებოდა ინიცირებული, პირიქით მოხდა და დღეს უკვე მისი გახილვა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფლებას აქვს მზაობა, რომ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი. კანონი რუსულია რადგან ბოლო დღეებში გამოქვეყნებული შედარებითი ანალიზის მიხედვით, რუსეთში მოქმედ კანონთან ქართული ვარიანტის ყველა ძირითადი საფუძვლები თუ მიზნები არის მსგავსი. რუსეთის ფედერაციაში მოქმედმა ამ კანონმა დემოკრატიას შეუმნა საფრთხე“.

,,თავისუფლების მოედანი თელავის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება გამჭვირვალეა და მიზნობრიობაც განსაზღვრული.
,,ვაპროტესტებ რუსულ კანონს. არ გვჭირდება კონტროლი. ყველამ იცის რას ვსაქმიანობთ და რაში იხარჯება ფული. ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის განხილვას და არც ჩვენ გვესმის რატომ არის ეს საჭირო“ , – აცხადებს სოსო ფიცხელაური.

,,ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს და ხელს უწყობს რუსული გავლენების გაზრდას საქართველოში, ერთმნიშვნელოვნად ცუდი საქციელია, რაზეც უნდა გვქონდეს პროტესტი. დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი რუსული კანონია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვქონდეს უკეთესი მომავალი“,
– ამბობს არჩილ მჭედლიშვილი.