ახალი ამბები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.

„ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს“ დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკან გაშალეს ბანერი წარწერით: „დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.