ახალი ამბები

79 წლის წნორელ ბებოს, რომელიც ოჯახს ჭინჭრის კრეფით არჩენს, ახალგაზრდები აგროვილი ფულით დაეხმარნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში მცხოვრებ 79 წლის ეთერი ბერიაშვილს, რომელიც ოჯახს, ჭინჭრის, სხვადახვა სახეობის ხილის კრეფით და შემდეგ გაყიდვით არჩენს, ახალგაზრდები მოგროვილი ფულით დაეხმარნენ.

სოციალური აქციის ავტორი, ხატია შიხაშვილი აცხადებს, რომ ბებო, რომელიც ჭინჭარს ქუჩაში ყიდიდა, თავად აღმოაჩინა, მეგობრების დახმარებით კი მისი თანხით დახმარება შეძლო.

,,რამდენიმე დღის წინ, სატრენაჟორო დარბაზში ვიყავი სავარჯიშოდ და ფანჯარასთან მივედი წყლის ასაღებად, როდესაც დავინახე იქვე მჯდარი ბებო, რომელიც თავის მოგროვილ ჭინჭარს ყიდიდა. ჩავედი, ვიყიდე მისი ზეთი და ჭინჭარი რაც ქონდა და ვიდეოც გადავიღე. მერე ავტვირთე ვიდეო და მოვუწოდე მეგობრებს, რომ მისგან ეყიდათ პროდუქტი.

ასე დადის, აგროვებს სხვადასხვა ხილს,ჭინჭარს და თან ფეხით ამოდის გრძელი მანძილიდან წნორში, ბაზრის ასახვევის ახლოს მოდის და ყიდის. შუადღეს კი ისევ ბრუნდება და ჭინჭარს კრეფს. ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, გამომეხმაურა ბევრი ადამიანი, რომლებსაც მისი დახმარება სურდათ. თავიდან ვერ ვბედავდი თანხის მიცემას და ვყიდულობდი რაც სჭირდებოდა და ის მიმქონდა, შემდეგ კი გავბედე და ვაჩუქე მოგროვილი თანხა.

ვიდეოს ყოველდღიურად უფრო მეტი გამოხმაურება მოყვა და კიდევ ბევრ ადამიანს სურს დაეხმაროს. მას ერთი სურვილი აქვს, სახლი, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობს, ავარიულ მდგომარეობაშია და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ერთი ოთახის გარემონტებას. ამასობაში მე და ეთერი ბებო დავმეგობრდით და ყოველდღე ვნახულობ”,- განუცხადა Knews.ge-ს ხატია შიხაშვილმა.