მამუკა მდინარაძე – დეკლარაციის შევსება მოუწევთ იმ ორგანიზაციებს, რომელთა უცხოური დაფინანსება 20%-ზე მეტია
ოპონენტები ისევ რუსულად შერაცხავენ, იმიტომ, რომ მათ დღემდე ტერმინი „რუსული კანონი“ არ მოუშლიათ – ახლა მათ მოუწევთ არა უბრალოდ რუსული კანონის ძახება, ეს აღარ გავა, მათ მოუწევთ საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რა არის რუსული? – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კანონპროექტის ძირითად მოთხოვნა იქნება: „თუ უცხოური დაფინანსება 20%-ზე მეტია (მედიასაშუალებას, „ენჯეოს“) მომდევნო წლის იანვარში დეკლარაციის შევსება მოუწევს და საკუთარი ანგარიშების შეტანა, რა მიიღო და რაში დახარჯა“.
„ოპონენტები ისევ რუსულად შერაცხავენ, იმიტომ, რომ მათ დღემდე ტერმინი „რუსული კანონი“ არ მოუშლიათ. მათ დღემდე, გუშინ და გუშინწინ ბევრჯერ ახსენეს. ის სიყალბე, რაც საუკუნის აფიორის სახით ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა და მათ თავის დროზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს დღემდე რჩება. ამიტომ ახლა მათ მოუწევთ არა უბრალოდ, რუსული კანონის ძახება, ეს აღარ გავა, მათ მოუწევთ საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რა არის რუსული? ან რა პრობლემაა ის, რომ წელიწადში ერთხელ უცხოური დაფისების მიმღებმა ორგანიზაციამ და არა რომელიმე კერძო პირმა, როგორც ამას საზოგადოებას ატყუებდნენ, დეკლარაცია შეავსოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კანონში ერთადერთი მოთხოვნაა, რომ თუ უცხოური დაფინანსება 20%-ზე მეტია (მედიასაშუალებას, „ენჯეოს“), ამ შემთხვევაში მას მომდევნო წლის იანვარში დეკლარაციის შევსება უწევს და საკუთარი ანგარიშების შეტანა, რა მიიღო და რაში დახარჯა. მეტი ამ კანონში არაფერი წერია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებს გარკვეული თანხით დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, სხვა დათქმა კანონში აბსოლუტურად არაფერია, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შევსებაზე. ახლა ეს ისტერიული კამპანია აღარავის გამოუვა, მოვიდნენ და თქვან, რა არ მოსწონთ იმაში და საგნობრივ დისკუსიაში შემოვიდნენ, რა არის იმაში პრობლემა, რომ ყოველ წელს იანვრის თვეში დეკლარაცია შეავსონ და ხარჯები, შემოსავლები, დაფინანსების წყაროები წარმოადგინონ. ეს კანონი მეტს არაფერს ითვალისწინებს“, – განაცხადა მდინარაძემ.