უმრავლესობის ქალი დეპუტატები – სავალდებულო კვოტირება ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომაა და არა ერთადერთი გზა
სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა – ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას, პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა,– ამის შესახებ უმრავლესობის ქალი დეპუტატების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას და „სწორედ ეს არის ქალთა არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის სტაბილური ზრდის სწორი გზა“.
„ქალების გაძლიერების ათწლეული ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება. სავალდებულო გენდერული კვოტირება და სხვა ბევრი ინიციატივაც სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენი, საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებული და მხარდაჭერილი იყო.
ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას – პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს.
ქალების სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური პარტიები თამაშობენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით. სწორედ ამიტომ შევქმენით 2 წლის წინ პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, აძლიერებს მათ და აძლევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქალების გაძლიერებაზე აღებული პასუხისმგებლობის ერთგული რჩება და აგრძელებს ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას. სწორედ ეს არის ქალთა არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის სტაბილური ზრდის სწორი გზა“,– ნათქვამია განცხადებაში.