საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტირების წესი უქმდება
„გირჩი“ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივით გამოდის. საკითხზე განცხადებები დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.
ინიციატივა “გირჩმა” დაარეგისტრირა. პარტია საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
ინიციატივას ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობაც და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისათვის არ გამოიყენებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ კანონის ინიციატორი, იაგო ხვიჩია საკითხზე “ქართული ოცნების” საპარლამენტო ლიდერს ესაუბრა და მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობამ “გირჩის“ მიერ ინიციირებულ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ პირველი მოსმენით ინიციატივა 3 აპრილს განიხილება, მეორე მესამე მოსმენა კი, 4 აპრილს შედგება.
არსებული რედაქციით, გენდერული კვოტირების სისტემა 2032 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში.
2020 წელს “გირჩმა” კვოტირების ჩანაწერი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და პარლამენტის პროპორციულ პარტიულ სიებში ქალების 25%-იანი კვოტები ძალაში დატოვა.
თუ ამ კვირაში, უმრავლესობისა და “გირჩის” მოლაპარაკების შედეგად საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განხორციელდება, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის პირი ჩაწერონ.