ახალი ამბები

“თელავში ფრენების დაწყება კახეთის ტურისტულ სექტორს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს” – Lopota Spa Resort

“ლოპოტა სპა რეზორტის” გენერალური დირექტორის გიორგი ქევანიშვილის შეფასებით, თელავში, შიდა ფრენების დაწყება კახეთს საქართველოს სხვა რეგიონებთან დააკავშირებს. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

“როგორც იცით, პირველ ეტაპზე შიდა ფრენები დაიწყება, რაც საშუალებას მოგვცემს, კახეთი, სვანეთი, აჭარა, რაჭა და იმერეთი კიდევ უფრო დავაახლოოთ ერთმანეთთან.

ნაცვლად იმისა, რომ მოგზაურმა 7-8 საათი გაატაროს გზაში, ფაქტობრივად, ქვეყნის შიგნით იგივე დანახარჯით გაცილებით ნაკლებ დროში შეუძლია მოგზაურობა”, – ამბობს ქევანიშვილი.

თელავის აეროპორტის განვითარების გეგმის თანახმად, “მიმინო” საერთაშორისო რეისებს 2027 წლიდან მიიღებს. “ლოპოტა სპა რეზორტის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფრენები კახეთში კერძო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“რაც შეეხება საერთაშორისო ფრენებს, ეს უკვე აბსოლუტურად სხვა რამ არის. ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც მობილობის ზრდაზე, ასევე ჩამომსვლელი სტუმრის კომფორტზეც. გარდა ამისა, საერთაშორისო რეისები საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში ახალი ბიზნესი შემოვიყვანოთ, რაც კახეთის ტურისტულ სექტორს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, – აღნიშნა გიორგი ქევანიშვილმა.

ცნობისთვის, თელავის აეროპორტის ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა, რისთვისაც კომპანიას აეროპორტების გაერთიანება 296 000 ლარს გადაუხდის. პროექტი, ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებასაც მოიცავს – ის 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.