“2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში” – კახა კალაძე
გუშინდელ თამაშთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა.
იხილეთ მისი განცხადება:
„საოცარი დღეა და ვფიქრობ, ძალიან დიდი ემოციებია და ეს ემოციები უკავშირდება სიხარულს, წარმატებას. გუშინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების, რომელიც საბერძნეთის ნაკრებთან გაიმართა. ამ დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა გამარჯვება, რომელმაც, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მთელი საქართველო გააერთიანა. საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა – 2024 წლის 26 მარტის დაძაბული, სიხარულის, ცრემლის მომგვრელი თამაში კი ოდესმე, ალბათ, ჩვენი შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება თითოეული ჩვენგანისთვის. მე გუშინ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს არის დღე, რასაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელია ელოდებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები დაკავშირებული იყო, ხშირ შემთხვევაში, მარცხთან, წაგებასთან, ნიჰილიზმთან, გუშინდელი ცრემლები იყო გამარჯვების, ეს იყო სიამაყის, ეს იყო უდიდესი სიხარული ცრემლები და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა ადამიანს, ვისაც გულით გაუხარდა ჩვენი ეროვნული ნაკრების გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთელების გამარჯვება, ქართული ფეხბურთის, ან მხოლოდ იმ ბიჭების გამარჯვება, ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება. გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის, ყველა ჩვენგანისთვის თვალსაჩინო რამ, რომ ძალა ერთობაშია. ნაკრებმა გულშემატკივართან ერთად აჩვენა გუნდურობა, ერთობა და ერთიანობის ბრწყინვალე შედეგი – გამარჯვება. საქართველო ერთობით იმარჯვებდა და მომავალშიც ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით, ძალთა გამთლიანებით ურთიერთსიყვარულით და ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად გაიმარჯვებს. გუშინ მართლაც ბრწყინვალე შედეგი დავდეთ და მინდა ამ სიხარულისთვის, ამ სამაგალითო წარმატებისთვის, ამ მუხტისთვის, რომელმაც წუხელ გულშემატკივრებს მთელი თბილისი შემოატარა, სრულად უცნობი ადამიანები ერთმანეთთან დაამეგობრა, მთელი ქვეყანა იმედით, სიყვარულით და სიამაყით აანთო, მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს, საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს, ასეთი გამარჯვებები იმაზე უფრო დიდ გამოძახილს პოვებს, ვიდრე უბრალოდ გამარჯვების სიხარულია.
როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, რასაც მთელი გულით მივესალმები და პირდაპირ ვიტყვი, რომ დიახ, ჩვენმა საამაყო ბიჭებმა გუშინ შეძლეს და დაიცვეს საქართველოს ღირსება და სახელი. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მხარდაჭერას და თანადგომას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ გულშემატკივრებს, რომლებთანაც გუშინვე გავიზიარე გამარჯვების სიხარული, ფეხბურთმა წუხელ ყველა გაგვაერთიანა და ეს იყო ძალიან ძლიერი ემოცია, რომლის სიტყვებით გამოცემა ძალიან რთულია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო რესპუბლიკის მოედანზე მოგვეწყო ნამდვილი ზეიმი როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ჩვენი ღირსეული ბიჭებისთვის. მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი დღის განმავლობაში იქ მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყველაფერი ყოფილიყო წესრიგში. რა თქმა უნდა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ უსაფრთხოებას როგორც ქართველი გულშემატკივრების, ასევე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების.
კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფეხბურთის, ესაა მთელი ქვეყნის გამარჯვება, წარმატება. პირადად მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეზიარებინა ეს სიხარული, ის ემოცია, ის თავდადება, რაც ჩვენმა ბიჭებმა გუშინ აჩვენეს მინდორზე. სტადიონზე მყოფმა ყველა გულშემატკივარმა, ვინც ვერ მოახერხა რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრობდა, ბევრი ტელევიზორში უყურებდა, უდიდესი ემოცია ნახა და ეს ემოცია არის სიხარულის, გამარჯვების, წინსვლის და მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო სულ ასეთი გამარჯვებული, ბედნიერი და გახარებული იყოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს გუშინდელ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და გერმანიაშიც, ევროპის ჩემპიონატზეც უნდა მივაღწიოთ წარმატებას, ამის რესურსი და შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“ – განაცხადა კახა კალაძემ