ახალი ამბები

მმართველი პარტია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს – პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

„საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

„ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

როგორც „ქართული ოცნება” განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა საკრებულოებს უფლებამოსილებების დროული და ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას მისცემს და მათ შეუფერხებელ და ორგანიზებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

„არსებული რეგულაციიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა, რაც თავის მხრივ, აფერხებს საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და შესაბამისად, მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას. ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის შესაძლებლობა გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი“
, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.