ახალი ამბები

ამ დროისთვის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, დაბალია

საგარეო საქმეთა მინისტრის, განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, დაბალია.

როგორც პარლამენტში ინტერპელაციაზე მისულმა მინისტრმა აღნიშნა, ცესკო საგარეო უწყებასთან ერთად გეგმავს, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის შესახებ.

“განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რაიმე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.