ახალი ამბები

იმპორტის ახალი სტანდარტის ამოქმედება ფარმაცევტული სექტორისთვის 6 თვით გადავადდა

იმპორტის ახალი სტანდარტის ამოქმედება ფარმაცევტული სექტორისთვის 6 თვით გადავადდა. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილებების გადავადების ინიციატორი თავად ფარმაცევტული სექტორი იყო. შესაბამისი გადაწყვეტილება კი ჯანდაცვის მინისტრისა და მისი პირველი მოადგილის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს.

„ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.

ცვლილების ამოქმედება 1-ელი აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაგრძელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყებაში, მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად, ცვლილებების დაინიცირებას აანონსებენ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრიორიტეტი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების დაცვაა, თუმცა მწარმოებლების ინტერესებიც დაბალანსებულად უნდა იყოს დაცული.

„პრიორიტეტულია, საქართველოში, მედიკამენტების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, თუმცა მწარმოებელთა ინტერესების დაბალანსებულად დაცვის პირობით. მათი დაცვის პირობით, ისეთი შეზღუდვებისგან, რომელიც ჩაითვლება არასაჭიროდ, ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთან მიმართებით”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო, უახლოეს პერიოდში, ამ კონკრეტული მიმართულებით, შესაბამის ცვლილებებს დააინიცირებს.