ევროპული საბჭო – ყურადღებას ვაპყრობთ საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოვუწოდებთ
ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში.
ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ, საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
„ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და განაცხადა, რომ ორივე გზაზე მუშაობა პარალელურად უნდა განვითარდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად იქნებიან გაწევრიანების დროს. ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე შიდა რეფორმებს განიხილავს, რათა 2024 წლის ზაფხულისთვის მიღებულ იქნეს დასკვნები მომავალი მუშაობის საგზაო რუკის შესახებ“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნის იმ თავში, რომელიც გაფართოების საკითხს ეხება.
დოკუმენტის თანახმად, კომისიის 2024 წლის 12 მარტის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.
„ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, მისი მიღების მიზნით იმ მომენტში, როდესაც გადაიდგმება ყველა შესაბამისი ნაბიჯი, რომელიც მითითებულია კომისიის 2022 წლის 12 ოქტომბრის რეკომენდაციაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.